ისეთი შეთანხმება უნდა მივიღოთ, რაც ოპოზიციას საშუალებას მისცემს, შევიდეს პარლამენტში - სალომე სამადაშვილი
ოპოზიცია ,,ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ,,ოცნების" ამ სურვილს ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ,,ოცნებას" მოლაპარაკების მაგიდის აყირევება ძალიან გაუჭირდება, რადგან საქართველში კრიზისის მოგვარებით ევროკავშირის დაინტერესება უპრეცედენტოა. ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის ბრიუსელის მოლაპარაკებები ევროპელ დიპლომატებს იმედის საფუძველს არ აძლევს.
ის განცხადებები, რაც ღარიბაშვილმა გააკეთა ბრიუსელში, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც გაუჩენდა განცდას, რომ ხელისუფლება არ არის მოწოდებული, კონკრეტული შედეგი დაიდოს. ჩემი სურვილი იქნება, ისეთი შეთანხმება მივიღოთ, რაც ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას, შევიდეს პარლამენტში და ჩვენ პოლიტიკური კრიზისიდან ისე გამოვიდეთ, რომ ქვეყანა დაზიანდეს რაც შეიძლება ნაკლებად, თუმცა ამის შესაძლებლობა უნდა შექმნას ხელისუფლების პოზიციამ მოლაპარაკებებში - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.
,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას, მიაჩნია, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის სიმწვავეს.
სამწუხაროდ, ეს მთავრობა, რომელიც ზიანის მომტანი იყო, არ არის მომწიფებული, გაიცნობიეროს, რომ ვერ შეინარჩუნებს ვითარებას. მხოლოდ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა გამოსავალი, ჩვენ ყველა ლეგიტიმური მეთოდით განვახორციელებთ წნეხს ქვეყნის შიგნით და გარეთ, სანამ არ მივაღწევთ ქვეყნისთვის აუცილებელ შედეგს. კრიზისი, რომელიც მათი ნაბიჯების შედეგად შეიქმნა, არ განიმუხტება პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი, ნორმალური არჩევნების გარეშე ამბობს გიგა ბოკერია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში უკვე მეორე დღეა, მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირისა და NATO-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებს ხვდება.