"მოვითხოვ ჩემი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის შეწყვეტას" - წიქარიშვილს სასამართლომ განჩინება გადასცა

29.07.24 13:16
"მოვითხოვ ჩემი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის შეწყვეტას" - წიქარიშვილს სასამართლომ განჩინება გადასცა

კახა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ განჩინება გადასცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ არამოსამართლე წევრად დანიშნული კადრი განხილვებში როგორც მხარე, ისე ჩაერთვება.

წიქარიშვილი, პირველ ეტაპზე, მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს, სწორედ ამის გამო არ ეძლევა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განკარგულებით დანიშნულ წიქარიშვილს უფლება, მუშაობა დაიწყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

დღეს ჩავიბარე სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ასევე, მესამე პირად ჩემი ჩართვის თაობაზე, მე ახლა უკვე ვარ მხარე ამ საქმეში და მივიღებ ყველა ზომას საპროცესო უფლებამოსილების ფარგლებში. ანუ დავაყენებ შუამდგომლობებს, წარვადგენ არგუმენტებს და მივიღებ მონაწილეობას ამ საქმეში. პირველ რიგში, მოვითხოვ ჩემი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას, შემდგომ მოვითხოვ საქმის შეწყვეტას და ვნახოთ, როგორი რეაგირება ექნება სასამართლოს,“ - ამბობს წიქარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს