მოსამართლემ შეცვალა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ამით მხარი დაუჭირა კლანის მმართველობას - ჯანეზაშვილი

29.07.24 13:18
მოსამართლემ შეცვალა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ამით მხარი დაუჭირა კლანის მმართველობას - ჯანეზაშვილი

"რაც აქამდე მოხდა, ეს შედეგები, მის მიერ განხორციელებული არაორდინალურად სწრაფი პროცესი, ბუნებრივია, რომ აჩენს იმასთან დაკავშირებით კითხვებს, რომ ის არის გავლენის ქვეშ და მე ყოველ შემთხვევაში, სხვა შთაბეჭდილება ამ საქმიდან გამომდინარე არ მრჩება," - ამის შესახებ "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი საუბრობს და კახა წიქარიშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მაშინ, როცა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა და ამით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არასამომართლე წევრად მუშაობას კახა წიქარიშვილი ჯერჯერობით, ვერ იწყებს, ნაზი ჯანეზაშვილისთვის ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის იმას, ხომ არ არის მოსამართლე გავლენის ქვეშ.

ვინაიდან ეს არის რეზონანსული საქმე და, ფაქტობრივად, მოსამართლემ ამით შეცვალა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ამით მხარი დაუჭირა კლანის მმართველობას სასამართლო სისტემაში, სხვა შედეგი უბრალოდ არ დამდგარა ამ ყველაფრით, ბუნებრივია, რომ მას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ ვინმე დაარწმუნოს იმაში, რომ ის მოქმედებდა დამოუკიდებლად. რაც აქამდე მოხდა, ეს შედეგები, მის მიერ განხორციელებული არაორდინალურად სწრაფი პროცესი, ბუნებრივია, რომ აჩენს იმასთან დაკავშირებით კითხვებს, რომ ის არის გავლენის ქვეშ და მე ყოველ შემთხვევაში, სხვა შთაბეჭდილება ამ საქმიდან გამომდინარე არ მრჩება. ერთგვარად მწვანე შუქი აუნთო მოსამართლემ, რომ თუნდაც პარლამენტის მიერ არჩეულ წევრებზე იქნება თუ სხვა თანამდებობის პირებზე, რომელიც არის პრეროგატივა, დავუშვათ, არის პარლამენტის, ამაზეც მიიღოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები,“ - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

 კახა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ განჩინება გადასცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ არამოსამართლე წევრად დანიშნული კადრი განხილვებში როგორც მხარე, ისე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს