ოდიშარია: როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიულ ურთიერთობებზე, პოლიტიკოსების მიმართ მუქარა გაუგებარია
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ბექა ოდიშარია სტრატეგიულ პარტნიორებს მუქარაში ადანაშაულებს - ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ სენატში, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადებები გაუგებარია.
"ქართულ ოცნებაში" იმასაც ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანებისთვის ყველაფერს აკეთებს.
ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ როდის გახსნის ევროკავშირი გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებებს, რადგან მისი თქმით, "ოცნება" პროცესს მაინც მიყვება.
მუქარა პოლიტიკოსების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მათზე სანქციების დაწესებას, როგორც მთავრობის წევრებზე, მაშინ როდესაც, ჩვენ ვსაუბრობთ ერთმანეთთან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებზე, გაუგებარია, ნონსენსია უბრალოდ. უკეთესი იქნება, ტონი იქნას შეცვლილი, როდის და სად შევცვალეთ საგარეო კურსი. როდის განვაცხადეთ, იგივე იანუკოვიჩისგან განსხვავებით, რომ ჩვენ არ გვსურს ევროპაში და გვსურს რუსეთთან. ვეხვეწებით, ყველა კარს ვამტვრევთ, ვაკაკუნებთ, რომ გაგვიხსნან მოლაპარაკებები, რომელსაც სხვათა შორის, კანდიდატის სტატუსისგან განსხვავებით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს დღეს გაგიხსნიან კარებს თუ პირდაპირ გაწევრიანების წინა დღეს. ჩვენ პროცესს მაინც მივყვებით", - ამბობს ოდიშარია.