თბილისის საქალაქო სასამართლო გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან და მიითვისა პრეზიდენტის უფლებამოსილება - კოპალეიშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლაში ადანაშაულებს.
პარტია "ახალის" წევრი პირდაპირ აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განკარგულების შეჩერებით, სასამართლომ პრეზიდენტის უფლებამოსილება მიითვისა.
მაია კოპალეიშვილი ვარაუდობს, რომ სასამართლომ შესაძლოა, მომავალში ყველა ის სამართლებრივი საკითხი, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, უკანონოდ შეაჩეროს.
თბილისის საქალაქო სასამართლო გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან, დაარღვია კონსტიტუციით დამტკიცებული ხელისუფლებათა დანაწილების პრინციპი და მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება. სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალში ნებისმიერი საკითხი, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კონსტიტუციით გათვალისწინებული სამართლებრივი წესრიგის დაცვას, შესაძლოა სასამართლომ უკანონოდ შეაჩეროს, გააუქმოს და ამის ვერავითარი სამართლებრივი მექანიზმი ვერ იმუშავებს, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ჩვენ დღეს", - ამბობს მაია კოპალეიშვილი.
კახა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ განჩინება გადასცა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ არამოსამართლე წევრად დანიშნული კადრი განხილვებში როგორც მხარე, ისე ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.