ლაშა ბაქრაძე “ევოლუშენის” საქმეზე : ჩვენი სოლიდარობა გაფიცულებს, მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები და უკეთესი ცხოვრების პირობები

02.08.24 13:52
ლაშა ბაქრაძე “ევოლუშენის” საქმეზე : ჩვენი სოლიდარობა გაფიცულებს, მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები და უკეთესი ცხოვრების პირობები

“რატომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია? ევროკავშირში ყველაზე უკეთ არის დაცული მშრომელთა უფლებები, შრომითი უსაფრთხოება, უკეთესი შრომის კოდექსი და უკეთესი ანაზღაურება” - ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ “ევოლუშენის” საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

ბაქრაძის თქმით, დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ან ადამიანის ღირსების შემლახველ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში იმუშაონ ან უცხოეთში ეძებონ დასაქმება, რაც 26 ოქტომბერს სასიკეთოდ უნდა შევცვალოთ. 

“ათასობით ახალგაზრდა ადამიანი გაიფიცა არაადამიანური სამუშაო პირობების გამო. სამორინე "ევოლუშენი" ახალგაზრდების ანტიჰუმანური ექსპლუატაციით არნახულ მოგებას იღებს, მაგრამ არ აპირებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დასაქმებულთათვის, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სარგებელი. 

დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, ან ადამიანის ღირსების შემლახველ და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში იმუშაონ, ან უცხოეთში ეძებონ დასაქმება. 

29 წლის ასაკამდე ახალგზარდების თითქმის მესამედი არც მუშაობს და არც სწავლობს ჩვენს ქვეყანაში. ამ დროს კი, მთავრობა უტიფრად ატყუებს ხალხს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. მაგრამ ამ "ზრდას" უბრალო ადამიანი თავისი ჯიბით ვერ გრძნობს. პირიქით, ევროპისა და საერთოდ დასავლეთისათვის ზურგის შექცევა კიდევ უფრო გააღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. 

რატომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია? ევროკავშირში ყველაზე უკეთ არის დაცული მშრომელთა უფლებები, შრომითი უსაფრთხოება, უკეთესი შრომის კოდექსი და უკეთესი ანაზღაურება. 

ჩვენ გვინდა, დავაბრუნოთ შინ ადამიანები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, უცხოეთში ეძებნათ არსებობის საშუალება. ღირსეული სამუშაო პირობების შესაქმნელად კანონმდებლობის გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტი იქნება. 

ჩვენი სოლიდარობა გაფიცულებს, ჩვენ მხოლოდ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილებები და უკეთესი ცხოვრების პირობები!” - განაცხადა ბაქრაძემ.