ვოლსკი არასამთავრობოებზე: შესაძლოა, (დონორები) ამის გამო გაუწყრნენ
„ოცნების“ დეპუტატი, გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტს, ე.წ აგენტების რეესტრში არ დარეგისტრირებაზე, დღეს არსებულ “ტრენდს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არ არის “უცხო და მოულოდნელი პროცესი“.
ვოლსკის მტკიცებით, მესამე სექტორის წარმომადგენლები დამოკიდებულები არიან დონორებზე და შესაძლოა, ამის გამო გაუწყრნენ.
ტრენდია არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომ არანაირად არ დარეგისტრირდნენ, რადგან დამოკიდებულები არიან გარკვეულ დონორულ შემოსავლებზე და დონორებზე შესაძლოა, ამის გამო გაუწყრნენ. ეს ჩვენ არ უნდა მივიღოთ, როგორც რაღაც უცხო და მოულოდნელი პროცესი, ყველა ქვეყანას თავისი პრაგმატული ინტერესი გააჩნია და ჩვენ ახლა თვალ-ყურს ვადევნებთ იმ ფონზე, რაც არის შექმნილი ამ ომის გამო“,- აცხადებს გია ვოლსკი.
დონორ ორგანიზაციებზე იერიში დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიტანა და საერთაშორისო დონორები ზეწოლაში და შანტაჟში დაადანაშაულა. შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო სექტორს, აგენტების რეესტრში დარეგისტრირების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორები დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრებიან.
ანტიდემოკრატიული კანონი საქართველოში ოფიციალურად გუშინ ამოქმედდა, მაგრამ ე.წ. აგენტების რეესტრი ცარიელია, რადგან "გავლენის აგენტად" რეგისტრაციას არც ერთი ორგანიზაცია არ აპირებს.