ივანიშვილების მოსკოვური ვილების სკანდალი - "ოცნება" OCCRP-ს მორიგი განცხადებით პასუხობს

15.08.24 13:44
ივანიშვილების მოსკოვური ვილების სკანდალი - "ოცნება" OCCRP-ს მორიგი განცხადებით პასუხობს

„ქართული ოცნება“ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან მორიგი განცხადებით პასუხობს. 

ივანიშვილის გუნდი ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის რუსეთში არსებული ქონება „ახლად აღმოჩენილ სკანდალად“ გაასაღა. რაც შეეხება გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებას, "ქართული ოცნება" მას "თავის დაძვრენის უსუსურ მცდელობას" უწოდებს.

„კიდევ ერთხელ ვეხმაურებით „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ტყუილი, თითქოს ივანიშვილის ოჯახმა თვეების წინ მოსკოვში ქონება შეიძინა. გამომდინარე იქიდან, რომ 1998 წლის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენიათ და, უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არ გამგზავრებულან, ყალბი ინფორმაცია უტყუარი ფაქტებით მარტივად ვამხილეთ. ჩანს, გარკვეული რეპუტაციის მქონე მედიას დისკომფორტი შეექმნა სიცრუეში მხილების გამო და თავის გასამართლებლად მორიგი აბსურდული განცხადება გაავრცელა.

OCCRP წერს, რომ მათი სტატია არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ეხებოდა. რუსეთში არსებული ქონების ფლობა, რასაც ეს ორგანიზაცია „ახლად აღმოჩენილ სკანდალად“ გასაღებას ცდილობდა, პირველად სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და, კანონის შესაბამისად, ოჯახის წევრების, მათ შორის, მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა. ამასთანავე, ორგანიზაციამ, რომელსაც პრეტენზია აქვს „საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე“, უნდა იცოდეს, რომ დეკლარაციის ფორმას იმიტომ აქვს ოჯახის წევრების გრაფა, რომ ის საერთო ქონებად ითვლება და მათი თავის მართლება, თითქოს სტატიაში საუბარი იყო მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძეზე და არა ბიძინა ივანიშვილზე, სიცრუისგან თავის დაძვრენის უსუსური მცდელობაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ ორგანიზაციას ჰქონდა მცდელობა, ოფშორების ქართული კანონის თემა შემოეტანა დღის წესრიგში, მაგრამ ამ საკითხში ჩაყოლას არანაირი აზრი არ აქვს. კანონი რომ გამართული, სამართლებრივად დახვეწილი და საქართველოსათვის მხოლოდ სიკეთის მომტანია, ეს საზოგადოებას კარგად მოეხსენება. ხოლო მედიასთან, რომელიც დეკლარაციის მარტივ წესებში ვერ ერკვევა, ოფშორის რთულ არქიტექტურაზე საუბარს არანაირი აზრი არ აქვს.

კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ უალტერნატივო იყო გადაწყვეტილება, როდესაც თავი შევიკავეთ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისგან. იმედს ვიტოვებთ, სხვა დროს მსგავსი შინაარსის სტატიები კეთილსინდისიერებისა და კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტს მაინც დააკმაყოფილებს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებაში.

  • 9 აგვისტოს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
  • გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში (სოკოლსა და ოდინცოვში) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელს ფლობს, რომლის ფართობიც 795.6 და 614.5 კვ.მ-ია.
  • გაირკვა, რომ ივანიშვილს მოსკოვური ქონების ნაწილი 2013 წელს, პრემიერმინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, მხოლოდ ერთ დეკლარაციაში აქვს ასახული, თუმცა ქონების დიდი ნაწილის შეძენა 2021 და 2024 წელს, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე მოხდა.

OCCRP-ს  ქართული ოცნების პრესსამსახურმა "ცრუ ინფორმაციაზე აგებული"  უწოდა. 

გუშინ "ოცნებას" განცხადებითვე უპასუხა OCCRP-მა. „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი" წერს, რომ  "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.

  • OCCRP-ში ხაზგასმით ამბობენ, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.