ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე - ზურაბიშვილი "ოცნების" გადაწყვეტილებას გაემიჯნა

03.08.21 20:15
ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე - ზურაბიშვილი "ოცნების" გადაწყვეტილებას  გაემიჯნა

"ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ანულირებაზე", -  პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ის პასუხისმგებლობას ვერც დოკუმენტის ცალკეული პუნქტების შესრულებაზე აიღებს, თუმცა  ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს.

მცდელობები, რომ დაგვაჯერონ, რომ თითქოს ევროპა გარყვნილების გზაა, სწორედ ერთადერთ პერსპექტივასთან დაშორებას ემსახურება და კარგად გვესმის ვის ინტერესში. ნამდვილი პატრიოტიზმი მოითხოვს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავაყენოთ ყველაფერზე მაღლა. პატრიოტიზმი ნიშნავს, რომ ქვეყანა ისე დაიცვათ და გავუფრთხილდეთ, რომ ვერავინ ვერ დაგვამციროს და პატივისცემა დაგვაკლოს. მოვითხოვთ უცხოეთისგან პატივისცემას და გვაღიზიანებს მათი მითითებები, კრიტიკა, იმისთვის რომ პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენ თავს და ჩვენ სიტყვას პატივს, ნაკისრ ვალდებულებებს ვასრულებდეთ, რაც არის ნდობის მოპოვების და შენარჩუნების წინაპირობა. ჩვენ ქვეყანას გარეთ ძირს არ უნდა ვუთხრიდეთ და ვიწროპარტიული მიზნების მისაღწევად არ ვეწეოდეთ სადისკრედიტაციო კამპანიას, სამარცხვინოა, როცა შენივე მოქალაქეები აქტიურობენ, რომ მოითხოვენ ქვეყნის სხვადასხვა ფორმით დასჯა.დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს. ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისკენ. მიმაჩნია, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ. 

ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომელიც იყო შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე, თუმცა დღეს იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეტი რაღაცები დავთმეთ რაც მიუღებელი ყოფილა, გაუგებარია. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი, რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს და რომელსაც ვუჭერ მხარს", - ამბობს ზურაბიშვილი.