"ოცნების" პრიორიტეტი ქვეყნის ევროინტეგრაცია არ არის, რაც ღალატი და საქართველოს წინააღმდეგ წასვლაა - სამნიძე

18.08.24 11:27
"ოცნების" პრიორიტეტი ქვეყნის ევროინტეგრაცია არ არის, რაც ღალატი და საქართველოს წინააღმდეგ წასვლაა - სამნიძე

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ივანიშვილის გუნდს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსული პროპაგანდისტული მედიების მიერ ირაკლი კობახიძის ციტატების მოყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნება" საქართველოს წინააღმდეგ მიდის. 

ხათუნა სამნიძე იმასაც ამბობს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია პრიორიტეტს არ წარმოადგენს. 

პრემიერი ამ კონკრეტული განცხადებით კიდევ ერთხელ აღიარებს იმ ფაქტს და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებსაც უკვე ფაქტად აქცევს, რომელიც ადასტურებს, რომ "ოცნების" პრიორიტეტი არ არის ამ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია, ევროპა არ არის მისი ხედვა და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, საერთოდ დაიწყება თუ არა მოლაპარაკებები, რაც არის ქვეყნის ღალატი და ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა", - ამბობს ხათუნა სამნიძე. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატებით აჭრელებული რუსული მედია - კრემლის პროპაგანდისტული გამოცემები ირაკლი კობახიძის იმ ბრიფინგით არიან აღფრთოვანებულები, სადაც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მსჯელობა 2030 წლისთვის გადაიწევს. 

რუსული სამთავრობო მედიები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხი ფუნდამენტური არ არის.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მზაობა არ გააჩნია და 2030 წელი ის თარიღია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური ნაბიჯისთვის მზად იქნება.