კობახიძეს რუსეთთან და ირანთან კავშირებში საქართველო ღირსებით მიჰყავს - აქუბარდია
"კობახიძეს საქართველო რუსეთთან და ირანთან კავშირებში ღირსებით მიჰყავს" - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია რუსული პროპაგანდისტული მედიების მიერ ირაკლი კობახიძის ციტატების მოყვანას.
თეონა აქუბარდია რუსული კანონის მიმღებ პრემიერს ქართველი ხალხის მოტყუებაშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მიუხედავად "ოცნების" პრორუსული ნაბიჯებისა, საზოგადოებას ევროატლანტიკური მომავალი სურს.
"ოცნებამ" კარგად იცის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არა რუსეთში დაბრუნება, არამედ ევროკავშირში შესვლა უნდა, ამიტომაც ატყუებს ის ხალხს. ირაკლი კობახიძეს საქართველო ღირსებით მიჰყავს რუსეთთან და ირანთან კავშირებში", - ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატებით აჭრელებული რუსული მედია - კრემლის პროპაგანდისტული გამოცემები ირაკლი კობახიძის იმ ბრიფინგით არიან აღფრთოვანებულები, სადაც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მსჯელობა 2030 წლისთვის გადაიწევს.
რუსული სამთავრობო მედიები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხი ფუნდამენტური არ არის.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მზაობა არ გააჩნია და 2030 წელი ის თარიღია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური ნაბიჯისთვის მზად იქნება.