როდის გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? - რას ამბობენ "ოცნებაში"
როდის გაიხსნება საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები? - "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია გადასული. ივანიშვილის გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა "ბევრ პროცესზეა დამოკიდებული".
ლევან მაჭავარიანი ვერ ასახელებს თარიღს, თუ კონკრეტულად როდის გაიხსნება მოლაპარაკებები საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანებისთვის და აცხადებს, რომ "შეიძლება, წელს, ან მომავალ წელს გაიხსნას, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა".
ამასთან, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი სტრატეგიულ პარტნიორებს რიტორიკას უწუნებს და ირწმუნება, რომ მმართველ პარტიას კანდიდატის სტატუსის მიღებამდე პარტნიორებისგან "ისეთივე რიტორიკა ესმოდა, რაც ახლა ესმის, რომ თითქოს, რაღაც პუნქტები შეუსრულებელი იყო".
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წელსვე გაიხსნება, მაგრამ არის იმის ალბათობა, რომ წელს არ გაიხსნას და გაიხსნას მომავალ წელს. ეს ბევრ პროცესზე არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 2022 წელს რომ არ მოგვცეს სტატუსი, იქ არც დათქმები ყოფილა და არც პუნქტები. 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე გვესმოდა მთელი წელი იგივე რიტორიკა, რაც დღეს გვესმის, მაგრამ მოსახლეობას როგორც დავპირდით, მაინც ავიღეთ კანდიდატის სტატუსი მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებშიც ამბობდნენ, რომ რაღაც პუნქტები იყო შეისრულებელი. ამით იმას ვუსვამ ხაზს, რომ პუნქტები, დათქმები ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატებით აჭრელებული რუსული მედია - კრემლის პროპაგანდისტული გამოცემები ირაკლი კობახიძის იმ ბრიფინგით არიან აღფრთოვანებულები, სადაც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მსჯელობა 2030 წლისთვის გადაიწევს.
რუსული სამთავრობო მედიები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხი ფუნდამენტური არ არის.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მზაობა არ გააჩნია და 2030 წელი ის თარიღია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური ნაბიჯისთვის მზად იქნება.