ევროკავშირში ღირსეულად გასაწევრიანებლად მთავარი სწორება 2030 წელს გვაქვს - კირცხალია

18.08.24 13:18
ევროკავშირში ღირსეულად გასაწევრიანებლად მთავარი სწორება 2030 წელს გვაქვს - კირცხალია

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კირცხალია საერთაშორისო პარტნიორებს უსამართლოდ მოპყრობაში ადანაშაულებს - ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ 2022 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება უსამართლო გადაწყვეტილება იყო. 

ირაკლი კირცხალია მმართველი პარტიის გეგმებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების მიზანია, "საქართველო ღირსებით ევროპული ოჯახის წევრი 2030 წელს გახდეს".

კარგად გახსოვთ, კანდიდატის სტატუსთან რა ხდებოდა. არ მოგვცეს სრულიად უსამართლოდ იმ წელს, როდესაც გვეკუთვნოდა და მოგვცეს შემდეგ წელს. მოლაპარაკებებს გახსნიან ან წელს, ან მომავალ წელს. კანდიდატის სტატუსის მთავარი სწორება გვაქვს 2030 წელს, რაც ნიშნავს ღირსეული წევრობა ევროკავშირში. ერთს შეგახსენებთ, ღირსეულად ვერ გაწევრიანდები ევროკავშირში, თუ ეკონომიკურად მდგრადი და ჯანსაღი ქვეყანა არ ხარ და ეკონომიკას ვერ შეუინარჩუნებ და ვერ გაზრდი, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გაქვს", - ამბობს ირაკლი კირცხალია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატებით აჭრელებული რუსული მედია - კრემლის პროპაგანდისტული გამოცემები ირაკლი კობახიძის იმ ბრიფინგით არიან აღფრთოვანებულები, სადაც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მსჯელობა 2030 წლისთვის გადაიწევს. 

რუსული სამთავრობო მედიები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხი ფუნდამენტური არ არის.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მზაობა არ გააჩნია და 2030 წელი ის თარიღია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური ნაბიჯისთვის მზად იქნება.