კალაძე საქართველოში რუსული გავლენის აგენტია - დეკანოიძე
"კახა კალაძე საქართველოში რუსული გავლენის აგენტია" - ასე ეხმაურება პლატფორმა "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ თბილისის მერის განცხადებიდან ციტატების მოყვანას.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები დეზინფორმაციის გავრცელებითა და ჰიბრიდულ ომში რუსეთის დახმარებით, საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის გავლენებს აძლიერებენ.
საქართველოს ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი და კონკრეტულად ამ შემთხვევაში კალაძე და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის არაერთი პირი არის რუსული გავლენის აგენტები საქართველოში. რუსული გავლენების გაძლიერება საქართველოში იმ ადამიანთა მეშვეობით ხდება, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ და ჰიბრიდულ ომში რუსეთს უწყობენ ხელს. როდესაც შენი როტირიკა, როგორც პოლიტიკოსის, ემთხვევა შენი მტრის რიტორიკას და რუსეთის რიტორიკას, ჰქვია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი სახელი და ეს სახელი არის რუსული გავლენის აგენტი ჩვენს ქვეყანაში", - ამბობს დეკანოიძე.
კახა კალაძის სიტყვებით აჭრელებული რუსული მედია - ტასი, ორეანდა, გაზეტა რუ, ლენტა რუ იმ არასრულ მედიასაშუალების ჩამონათვალს შორისაა, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერის რიტორიკამ აღაფრთოვანა.
რუსული პროპაგანდისტული მედია ახლა უკვე თბილისის მერის სიტყვებს იმოწმებს იმ ვერსიის განსავითარებლად, რომ შტატებს საქართველოში რევოლუციის მოწყობა ქართული ოპოზიციის დახმარებით სურს.
ოფიციალური მოსკოვი კმაყოფილი დარჩა მას შემდეგ, რაც კახა კალაძის კომენტარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება არ იყო საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას ქადაგებდნენ და საზოგადოებისთვის ნათელი იყო, თუ რეალურად რას ხმარდებოდა სტრატეგიული პარტნიორების მიერ სხვადასხვა ტრენინგებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.