კალაძე კრემლის თუთიყუშია - გეგელია
"კალაძე კრემლის თუთიყუშია" - ამის შესახებ განცხადება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ რუსული პროპაგანდისტული მედიების მიერ თბილისის მერის განცხადებიდან ციტატების მოყვანის საპასუხოდ გააკეთა.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის ეროვნული ინტერესების სამსახურში დგას.
ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ კალაძე არის კრემლის თუთიყუში. ის თავისი მთავრობის სხვა წევრების მსგავსად იმეორებს იმ ნარატივებს, რაც გააჩნია კრემლს და ემსახურება იმ საქმეს და იმ ინტერესებს, რაც გააჩნია რუსეთის ფედერაციას. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ღიად დგას რუსეთის ეროვნული ინტერესების სამსახურში", - ამბობს გეგელია
კახა კალაძის სიტყვებით აჭრელებული რუსული მედია - ტასი, ორეანდა, გაზეტა რუ, ლენტა რუ იმ არასრულ მედიასაშუალების ჩამონათვალს შორისაა, რომლებიც "ქართული ოცნების" ლიდერის რიტორიკამ აღაფრთოვანა.
რუსული პროპაგანდისტული მედია ახლა უკვე თბილისის მერის სიტყვებს იმოწმებს იმ ვერსიის განსავითარებლად, რომ შტატებს საქართველოში რევოლუციის მოწყობა ქართული ოპოზიციის დახმარებით სურს.
ოფიციალური მოსკოვი კმაყოფილი დარჩა მას შემდეგ, რაც კახა კალაძის კომენტარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთის დაზვერვის განცხადება არ იყო საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რევოლუციას ქადაგებდნენ და საზოგადოებისთვის ნათელი იყო, თუ რეალურად რას ხმარდებოდა სტრატეგიული პარტნიორების მიერ სხვადასხვა ტრენინგებისთვის გამოყოფილი დაფინანსება.