ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - მივა თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

28.08.24 11:23
ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - მივა თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში?

ერთი დღე ისტორიულ პროცესამდე - ხვალ, 29 აგვისტოს, 11 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლო ოთხი სარჩელის განხილვას იწყებს.

პრეზიდენტი, მესამე სექტორი, ოპოზიცია და მედია - ყველა ერთად მოსამართლეთა კოლეგიას რუსული კანონის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას სთხოვს.

ამ დროისთვის უცნობია, წარსდგება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მთავარ სასამართლოში. თუმცა, როგორც მისი ინტერესების ერთ-ერთი დამცველი, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალმა ნორმის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

გიორგი ბურჯანაძე "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პროცესს, რომელიც ხვალიდან დაიწყება, ისტორიული დატვირთვა გააჩნია, რადგან რუსული კანონის ძალაში დარჩენით, ქვეყანასა და ქართველ ხალხს გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა ნორმის არაკონსტიტუციურობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს არ არის რიგითი საქმე, რომელსაც ყოველდღიურად განიხილავ. ამას აქვს ისტორიული მნიშვნელობა და იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაისიგრძეგანებს იმ ტვირთს და პასუხისმგებლობას, რომელიც ამ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს. შეიძლება, ორგანიზაციებს და მედიებს შეეზღუდოთ იმის შესაძლებლობა, რომ მათ ქართველი ხალხის სასიკეთოდ იმუშავონ. გამოავლინონ კანონდარღვევები, გამოავლინონ შესაძლო კორუფციის შემთხვევები და იმუშაონ იმისთვის, რომ შესაბამის სეგმენტურად სხვადასხვა ადამიანის უფლება უკეთ იყოს ქვეყანაში დაცული. ამის გამოუსწორებელი საფრთხე არსებობს, დგება ორშაბათიდან და აუცილებელია ამ ნორმის შეჩერება", - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.