რუსული კანონის განხილვა - ცნობილია, ვინ იქნება პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციოში
რუსული კანონის განხილვა - ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ბურჯანაძე იქნება.
ამის შესახებ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოციალურ ქსელში წერს:
კონსტიტუციის დღეს გაუმარჯოს !
ამ კონსტიტუციითა და ბაფთით შემდეგ კვირას ვიქნები საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის არაკონსტიტუციურობის საქმეზე 🇬🇪🇪🇺
მიხარია რომ საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის პირველ სარჩელს წარმოვადგენ .
ამ შემოთავაზებისას წარსულ წყენაზე არ მიფიქრია, რადგან ისეთი საკითხია, სადაც ყველას ერთობა აუცილებელია. რუსული კანონის მიღება სახელმწიფოებრიობის გაუქმების ტოლფასია. ჩემთვის ეს არის საქმე არის - “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”.
როცა სახალხო დამცველის კონკურსში ვმონაწილეობდი, ამას სამსახურის შოვნის გამო არ ვაკეთებდი. მწამს ადამიანის უფლებების და დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველოს სახალხო დამცველი სრულად უფუნქციოა, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ რომ ვაწარმოო დავა ამ საკითხზე. თავის დროზე, რუსეთშიც კი ეს საკითხი იქაურმა სახალხო დამცველმა გაასაჩივრა. სამწუხაროდ ამან ესეც ვერ გაბედა.
ხშირად მეკითხებიან რისი იმედი მაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში დავისას. ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ალბათ სასწაულის. მაგრამ მე ყველაფერს ვეცდები.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საქმეზე ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეუძლია ისტორია შექმნას, ქვეყანას და კონსტიტუციურ ორგანოებს სანქციები და პასუხისმგებლობა აარიდოს", - წერს ბურჯანაძე.
რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.