"ეს პროცესი ისტორიას დარჩება" - ეკა ბესელია საკონსტიტუციოში რუსული კანონის განხილვაზე
"სასამართლოს პროცესი ისტორიას დარჩება" - ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი, ეკა ბესელია პროცესს, რომელიც ხვალ, 29 აგვისტოს, 11 საათზე დაიწყება და სადაც რუსული კანონი იქნება განხილული.
სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს, რომ სწორედ ახლა ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლებლობა, აჩვენოს კონსტიტუციის დაცვის მაგალითი.
პროცესისთვის დიდი სერიოზულობით ვემზადებით. ეს სასამრთლო პროცესი ისტორიას დარჩება და იქნება უდიდესი შესაძლებლობა თავად საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, აჩვენოს კონსტიტუციის დაცვის მაგალითი ამ კრიტიკულ, მნიშნელოვან დროსა და გადამწყვეტ სიტუაციაში. ეს შანსი მათთვისაც შესაძლებლობაა და ქვეყნისთვისაც. პრეზიდენტი დაესწრება თუ არა ჯერ არ ვიცი და არ ვიცი ეს გადაწყვეტილება როგორი იქნება მის მიერ მიღებული", - ამბობს ეკა ბესელია.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.