ხვალ ვნახავთ, საკონსტიტუციო საქართველოს ინტერესების დაცვით იმოქმედებს, თუ რუსეთის სასამართლოს გზით წავა - კორძაია
"ხვალ ვნახავთ, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს ინტერესების დაცვით იმოქმედებს, თუ რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით წავა" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ გააკეთა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინტერესების ერთ-ერთი დამცველი ამბობს, რომ რუსული კანონის ამოქმედება სამოქალაქო საზოგადოებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
ხვალ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რეალურად წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესების გზით. თუ სასამართლო სრულად არ შეაჩერებს "რუსული კანონის" მოქმედებას, ეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური და არ იქნება კანონის სრულად შეჩერების მომტანი, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება.
ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავუსაბუთოთ სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის ამოქმედებას და ვეცდებით მივაღებინოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილება. რადგან კანონის სანქციების ნაწილი 1 სექტემბრიდან შედის ძალაში, გონივრული იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 1 სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება", - აცხადებს "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თამარ კორძაია.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.