ცდილობენ, რუსულად დაბრენდონ და ქართული ინიციატივების დისკრედიტაცია მოახდინონ - ოდიშარია რუსული კანონის მოსარჩელეებზე

28.08.24 14:17
ცდილობენ, რუსულად დაბრენდონ და ქართული ინიციატივების დისკრედიტაცია მოახდინონ - ოდიშარია რუსული კანონის მოსარჩელეებზე

"ქართული ოცნების" წევრი, ბექა ოდიშარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ოთხივე სარჩელს კრახს უწინასწარმეტყველებს - ივანიშვილის გუნდის დეპუტატი სარჩელის ავტორებს თავს ესხმის და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი, ოპოზიცია, მედია და მესამე სექტორი "ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.

ბექა ოდიშარია ირწმუნება, რომ კანონი რუსული არ არის და მეტიც, ამბობს, რომ ის საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ჩარჩოებშია მოქცეული. ამასთან, როგორც რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი განმარტავს, მოსარჩელე პირებს "ოცნების" ინიციატივის დისკრედიტაცია სურს.

მიზანი კი ყველასთავის ნათელია, რომ ყველანაირი ქართული, ტრადიციული, სუვერენული, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების ჩარჩოებში მყოფი ინიციატივა, რომელსაც დააგენერინებს "ქართული ოცნება", იქნას რამენაირად ამ სამი სუბიექტის, სუბსტანციის, რომელიც წარმოადგენს "ერთიანულ ნაციონალურ მოძრაობას", ვგულისხმობ საქართველოს პრეზიდენტს, ენჯეოებს და "ნაციონალურ მოძრაობას" თავისთავად, ცდილობენ, დაბრენდონ რუსულად, რამენაირად დისკრედიტაცია მოახდინონ თითოეული ასეთი ინიციატივის, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და ეს ნათლად გამოაჩინა სხვადასხვა პროცესებმა, რომელიც დაკავშირებული იყო ქართულ მიღებულ კანონთან გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც ძალიან ბევრს დააკარგვინა მოსვენება და ჩამოხადა კიდეც ნიღაბი", - ამბობს ოდიშარია. 

ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან

 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.