"ტუტუცური სიმარტივე" - ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებაზე
"ქართულ ოცნების" იერიში პრეზიდენტზე - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ "2024 წლის არჩევნები რეფერენდუმის ტოლფასი იქნება", "ტუტუცურ სიმარტივეს" უწოდებს.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ იმ რადიკალური ოპოზიციის "მებაირაღეა", რომელმაც "საკუთარი ქმედებებით რუსეთს ყველაფერი მისცა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა სურს".
ამასთან, გია ვოლსკი ირწმუნება, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც პრორუსული ნაბიჯები არ გადაუდგამს და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
საერთაშორისო პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, გაცილებით რთულია, ვიდრე ის ფორმულა და ტუტუცური სიმარტივე, რასაც პრეზიდენტი გვთავაზობს. რუსეთთან დაკავშირებით კარგად იცის თვითონაც და განცხადებები უკეთებია, იმაზე, რომ იმ ოკუპაციის შემოქმედი, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, რადიკალური ოპოზიციაა. ზუსტად იცის, რომ თვითონ არის ერთ-ერთი მებაირაღე იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ყველაფერი მისცა რუსეთს. საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით, იმას ედავება, რომ თურმე შეიძლება, იყოს პრორუსული მისი პოლიტიკა და საქმიანობა ამ ადამიანებს აინტერესებთ საქართველოს მონაწილეობა ომში", - ამბობს ვოლსკი.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ უთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ არჩევანი 26 ოქტომბერს გასაკეთებელი ევროპასა და რუსეთის მონობას შორის აქვთ. თუკი აქამდე, ქვეყნის პრეზიდენტი პერსონალურად ოლიგარქზე საუბარს ერიდებოდა, ეს საზღვრები სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაარღვია, ბიძინა ივანიშვილს მხილების დღე მოუწყო და საკუთარი ხალხის და ახალგაზრდობისთვის ომის წამოწყებაში ამხილა.