როგორი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება? - რას ვარაუდობს ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ სარჩელს პოლიტიკურ ნაბიჯად აფასებს და პროცესს აბსურდულს უწოდებს.
"ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მოსარჩლე პირები სასამართლოს არ უტოვებენ გზას, რომ "ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს და კანონი არაკონსტიტუციურად არ გამოაცხადოს".
ამასთან, გია ვოლსკი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ფაქტებზე დაყრდნობით გამოიტანს განაჩენს, კანონს არ გააუქმებს, რაც ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მისცემს შესაძლებლობას, ახალი პოლიტიკური იერიში განახორციელოს.
საკონსტიტუციო სასამართლოზე მიტანილმა შეტევამ შედეგი არ გამოიღო და პირიქით, აღიარა კიდევაც პრეზიდენტმა, რომ ასეთი სტრუქტურა არსებობს, რომელიც არის კანონიერი სრულიად, კომპეტენტური საკონსტიტუციო სასამართლო და მიმართავს მას. მაგრამ სწორედ მაგიტომ ვამბობ, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომ როგორმე საკონსტიტუციო სასამართლო ამყოფნოს აბსურდული საკითხების განხილვაში, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლოა იყოს საწინააღმდეგო იმ მოსაზრებისა, რომ გამჭვირვალობა თურმე არაევროპული სტანდარტია. დიდი ალბათობით ასეთი გადაწყვეტილება იქნება და ეს კიდევ მისცემს საშუალებას ამ პოლიტიკური შეტევისთვის პრეზიდენტს. თორემ არ არსებობს ადამიანი, პრეზიდენტიც კი თავისი ალოგიკურობით იყოს დარწმუნებული იმაში, რომ თითქოს, გამჭვირვალობა შეიძლება იყოს არაევროპული და არადემოკრატიული სტანდარდი. ასეთი აბსურდით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. მე ვფიქრობ, რომ გზას არ უტოვებენ საერთოდ, რომ მათი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღონ", - ამბობს გია ვოლსკი.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.