ვის ჩააბარა ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა საკონსტიტუციოში?
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონს ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაიცავენ.
სამ იურისტთან ერთად, რომელთაც ირაკლი კობახიძემ რუსეთიდან გადმოწერილი კანონის დაცვა ჩააბარა, აპარატის თანამშრომლებიც დაიცავენ.
როგორც "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი კახიანი ამტკიცებს, მოსარჩლე პირები, რომლებიც რუსული კანონის გაუქმებას ითხოვენ და "გარედან იმართებიან", რეალურად საზოგადოებისა და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.
გიორგი კახიანი რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებულ ადამიანებს კრახს უწინასწარმეტყველებს და ვარაუდობს, რომ სასამართლო კანონს არაკონსტიტუციურად არ გამოაცხადებს და სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანს.
ყველა ის პიროვნება, იქნებიან ესენი პოლიტიკოსები, თუ მესამე სექტორის წარმომადგენელები, ვინც იბრძვის ამ კანონის წინააღმდეგ, რეალურად ისინი იბრძვიან ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარედან იმართებიან, ამიტომაც არის, რომ მათ უსამშობლო ადამიანებს ვეძახი. ბრძოლა საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის ყველაზე ცუდი, თუკი რაიმე შეიძლება გააკეთო პოლიტიკოსმა. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ეს კანონი არ უნდა შეჩერდეს, რადგან ყოველ დღე ვრწმუნდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კანონის მოქმედება. ის, რომ თავად პრეზიდენტი იქნება წარმოდგენილი ამ პროცესზე, ამის მოლოდინი არ მაქვს, რადგან უშუალოდ მას როდესაც შეეხებოდა იმპიჩმენტის პროცესი, მაშინაც კი არ მობრძანდა ქალბატონი სალომე. თავად პრეზიდენტი არ იქნება წარმოდგენილი პროცესზე", - ამბობს გიორგი კახიანი.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის გაუქმების შესახებ დაიწყებს განხილვას.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან.
29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.