კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც ქართული თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება - ივანიშვილი
"საქართველოს კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც ქართული თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება", - ამის შესახებ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე ხაზი გაესმება მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს და საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას.
გასულ დღეებში, ჩვენ გაგაცანით საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ვგეგმავთ და იქვე აღვნიშნეთ, რომ იყო კიდევ ერთი საკითხი, რომლის შესათანხმებლად კონსულტაციები გვესაჭიროებოდა. მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.
მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა.