"ოცნების მდარე სამარცხვინო საქციელი" - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თქმით, „კაცი, ვინც კადრებში ჩანს, მათი წევრი არაა“

05.09.24 15:13
 "ოცნების მდარე სამარცხვინო საქციელი" - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თქმით, „კაცი, ვინც კადრებში ჩანს, მათი წევრი არაა“

 “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე "ქართულ ოცნებას" ტყუილის გავრცელებაში ამხელს - საუბარია მმართველი პარტიის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ წყალტუბოში მმართველი პარტიის წევრის გარდაცვალებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. 

"თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა"- თქვა რამდენიმე წუთის წინ ლევან ხაბეიშვილმა. 

 „ნაციონალურ მოძრაობა“ tvpirveli.ge-სთან ხაზგასმით აცხადებს, რომ კაცი, ვისაც გივი მიქანაძემ დღეს ხელი დაადო, პარტიის წევრი არ არის. 

ლევან ხაბეიშვილმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს, მმართველი პარტიის საქციელს კი "მდარე სამარცხვინო საქციელი" უწოდა: 

ხაბეიშვილის თქმით, ამ ქვეყანაში თუ ვინმე თესავს სიძულვილსა და ბოროტებას, ივანიშვილია.

პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება - ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს ტელევიზიებიდან. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ყველა დანარჩენი თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი არის დამახინჯებული ტყუილი და აქაც ცდილობთ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოთ რაც არაერთხელ გამოუყენებია ამ ხელისუფლებას. თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული სამარცხვინო პასაჟების გაკეთება არ არის სერიოზული. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ მათი პარტიის წევრი პოლიტიკური ნიშნით დაწყებული კამათის შედეგად გარდაიცვალა.

გივი მიქანაძე ირწმუნება, რომ წყალტუბოში ერმილე გიგიაძე შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც "ენმ-ის წარმომადგენელი "ოცნების" ოფისში მივარდა, გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ნერვიულობის ფონზე ადგილზევე გარდაიცვალა".