"ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის უმძიმესი რეპუტაციული ზიანია" - ლომჯარია აშშ-ს სანქციებზე

16.09.24 23:20
"ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის უმძიმესი რეპუტაციული ზიანია" - ლომჯარია აშშ-ს სანქციებზე

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ივანიშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის და მათთან დაახლოებული პირებისთვის დაწესებულ სანქციებს "უმძიმეს რეპუტაციულ ზიანად" აფასებს.

ნინო ლომჯარია "პირველი ხაზის" ეთერში აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომები ქვეყნისა და საქართველოს მთავრობის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

ამ კონკრეტულ ადამიანებზე აღარ ვსაუბრობ, უბრალოდ ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის უმძიმესი რეპუტაციული ზიანია. "მაგნიტსკის სიაში" მოხვედრა არის უმძიმესი გადაწყვეტილება ამ ქვეყნის იმიჯისთვის და მისი ხელისუფლებისთვის, რადგან ამ სიაში ხვდებიან გამორჩეულად მძიმე ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული და პასუხისმგებელი პირები.

სიმბოლურია, ვინაიდან შტატებმა ერთდროულად, ერთ კონტექტსში, ერთი გადაწყვეტილებით დაასანქცირა მაღალი თანამდებობის პირები შს სამინისტროს და ასევე ორი პირი, რომლებიც საჯაროდ, ღიად წარმოაგდგენენ რუსულ ინტერესებს საქართველოში და აქვთ ღიად კავშირები რუსეთთან. რა თქმა უნდა, სიმბოლიზმიც იყო ამაში, რადგან ეს კონტექსტიც ამათთან დაკავშირებით არსებობს", - ამბობს ლომჯარია. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს და მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს ახალი სანქციები დაუწესა

ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და პრორუსული პარტიის ლიდერები, "რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას" ე.წ. მაგნიტსკის სიაში დაამატეს. 

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, შტატებმა ახალი სანქციები 4 პირს დაუწესა. 

ესენი არიან: 

  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი - ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლაგაზაური მილერი 
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - კონსტანტინე მორგოშია
  • პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი - ზურაბ მახარაძე

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტმა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები