რაჟდენ კუპრაშვილის მუქარა მესამე სექტორს - ანტიკორუფციულმა TI და "აირჩიე ევროპა" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად გამოაცხადა
ახალი შეტევა მესამე სექტორზე - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია.
აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებიდან პოლიტიკური ნება არცერთს გაცხადებული არ აქვს. სწორედ ამიტომ "პირველებმა" კუპრაშვილს ჰკითხა, რატომ წარმოადგენენ ეს ორგანიზაციები ანტიკორუფციულის ინტერესს, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამისთვის კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან, 5 დღის ვადაში კანონით დადგენილი წესით ბიუროს წარმოუდგინონ გადაწყვეტილებებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე, გახსნან და წარმადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, როლებიც გამოიყენება მათი საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.
თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს იქნება სამწუხარო, თუმცა მე დამჭირდება კიდევ დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს, - განაცხადა კუპრაშვილმა.
"პირველებმა" რაჟდენ კუპრაშვილს ასევე ჰკითხა, დაინტერესებულა თუ არა ერთი წლის განმავლობაში "ქართული ოცნების" სავარაუდო კორუფციული გარიგებებით ან მათ მიერ ორგანიზებული კონცერტებით, რომელიც, სავარაუდოდ, ბიუჯეტიდან იხარჯება.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს სწავლობს.