ხელისუფლებას ჩვენი გაჩუმება უნდა - ეკა გიგაური
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ ხელისუფლება მათ გაჩუმებას ცდილობს. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონიც და ყველა ის ნაბიჯი, რასაც "ოცნება" მათ წინააღმდეგ დგამს.
გიგაურის თქმით, "ოცნებისთვის" მთავარ პრობლემას ის კამპანია წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის სიკეთეებს ეხება.
ჩვენ ვყვებით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს საქართველომ გადაინაცვლოს უკვე იმ ქვეყანათა რიგში, რომლებმაც დაიწყეს მოლაპარაკება ევროკავშირთან წევრობასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა. ცხადია, მათ არ უნდათ, რომ ჩვენმა სადამკვირვებლო მისიამ ასევე იმუშაოს ეფექტურად. თქვენ იცით, რომ ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სადამკვირვებლო მისია და ცხადია, ამასაც უქმნიან პრობლემას და რა თქმა უნდა, მათთვის გამაღიზიანებელია ჩვენი ყოველდღიური ანგარიშები, სადაც ჩვენ ვყვებით კორუფციაზე და იმაზე, თუ როგორ მდიდრდებიან „ქართული ოცნების“ წევრები. იმიტომ მიიღეს რუსული კანონი, იმიტომ იყენებენ ამ კანონს ჩვენს წინააღმდეგ, რომ გაგვაჩუმონ. ჩვენ არ გავჩუმდებით, მეგობრებო. ჩვენ არ გვეშინია არაფრის, - ამბობს ეკა გიგაური.
ახალი შეტევა მესამე სექტორზე - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა.