რა საფრთხეს შეიცავს ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება? - კონსტიტუციონალისტის განმარტება

24.09.24 21:55
რა საფრთხეს შეიცავს ანტიკორუფციულის გადაწყვეტილება? - კონსტიტუციონალისტის განმარტება

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას და “აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს“.

ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ ბიუროს მიერ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნობის ნორმის ასეთი ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება.

ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა.

კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა:
(1) სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა;
(2) აცხადებს ამას საჯაროდ და
(3) ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.

ასეთ სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა, რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს, რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები, რაც აქვს პარტიას – ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას, თავი აარიდო შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს.
ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც, როცა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს აქცევს პოლიტიკური პარტიის ეკვივალენტ სუბიექტად და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი, რაც პარტიაზე ვრცელდება.

ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საჯაროდ იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“ ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“, იძენს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებულ პარტიის სტატუსს.

ახლა ის ვთქვათ, რა არის ეს შეზღუდვები (არასრული ჩამონათვალი), რაც ასეთ პირებზე ვრცელდება (იმ ნაწილში, რა ნაწილშიც, რაშიც ისინი მოქმედებენ, როგორც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები):

 საერთაშორისო შემოწირულების (როგორც ფულადი, ისე მომსახურება, ან მის ნაცვლად ხარჯის გაღება, არამატერიალური ფასეულობა, ფასდაკლება) მიღების აკრძალვა;

ყველა შემოწირულების დადეკლარირება;

5000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრის გაცემა;

კრედიტის აღების ლიმიტი;

 საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი რამით დაინტერესება, უფასო მომსახურება იქნება ეს თუ რამის გადაცემა, დაპირებაც კი.

„ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ცოტა ხნის წინ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და ორგანიზაცია "აირჩიე ევროპა" საარჩევნო პროცესის მონაწილეებად გამოაცხადა და ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის წარდგენა 5 დღის ვადაში მოსთხოვა. კუპრაშვილის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ ორგანიზაციების მიმართ " სხვა ზომებს" გამოიყენებს. რა ზომებზეა საუბარი, ანტიოკრუფციულის ხელმძღვანელს აღარ დაუკონკრეტებია. 

მსგავსი სიახლეები