ანტიკორუფციული ბიურო კობახიძის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტია - ბუაძე
ანტიკორუფციული ბიუროს ირგვლივ შექმნილ ვითარებას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე საგანგებო ბრიფინგზე აფასებს და რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფ პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად აცხადებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ორგანიზაცია "აირჩიე ევროპისა" და TI-ის წევრებისთვის ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნას არალეგიტიმურად მიიჩნევს და რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების შევიწროებაში ადანაშაულებს.
საბა ბუაძე დარწმუნებულია, რომ ანტიკორუფციული ბიურო "ქართული ოცნების" ლიდერების დავალებით მოქმედებს და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციასთან დაკავშირებით, შერჩევით მონიტორინგს აწარმოებს.
გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ყველაფერს, რაც ანტიკორუფციული ბიუროს ირგვლივ ვითარდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ ფორმით პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი. ეს არის, მათ შორის, რუსული კანონის და მისი სულისკვეთების ინსტრუმენტი, რომელიც ცდილობს, რომ შეავიწროოს პოლიტიკური პარტიები და რომელიც ცალსახად მოქმედებს შერჩევითად.
ჩვენ გამოვითხოვეთ მათგან ინფორმაცია, რომელიც ერთდროულად არის საინტერესო და გასაკვირი. ეს არის უწყება, რომელიც, ფაქტობრივად, არაფერს არ აკეთებს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, მაგრამ მოქმედებს მმართველ პარტიასთან შეთანხმებით იმისთვის, რომ შეავიწროოს პოლიტიკური პარტიები, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და აწარმოოს შერჩევითი მონიტორინგი, როგორც ჩვენ ეს ვნახეთ.
ჩვენ ვიცით, რომ განსაკუთრებით პოლიტიკურ ოპოზიციაში მათგან ძალიან დიდი რაოდენობის ინფორმაცია არის გამოთხოვილი. ბევრი სხვადასხვა შემთხვევის დამუშავება მიმდინარეობს ოპოზიციასთან მიმართებით, რომელსაც ეს უწყება უყურებს გამადიდებელი შუშით, ღარიბაშვილის, ივანიშვილის, კობახიძის დავალებით. ვნახეთ "ქართული ოცნების" პარტიული ანგარიშების მონიტორინგი, სადაც ამ უწყებამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი დარღვევა, თვალი დახუჭა იმ ძალიან ცალსახა პოლიტიკურ კორუფციაზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ", - ამბობს საბა ბუაძე.
რამდენიმე კვირის წინ ანტიკორუფიულმა ბიურომ საქალაქო სასამართლოს მიმართა და "აირჩიე ევროპასა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ფინანსურ დოკუმენეტბზე წვდომა ითხოვა. მოთხოვნა საქალაქო სასამართლომ ზეიპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა.
ამის შემდეგ უკვე ორგანიზაცია "აირჩიე ევროპამ" გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა განაჩენის გამოცხადებამდე ანტიკორუფციულ ბიუროს ორგანიზაციის ფინანსურ დოკუმენტებზე წვდომა უკვე ჰქონდა.
ამის მიუხედავად, რაჟდენ კუპრაშვილმა გუშინ რიგით მეორე ბრიფინგი გამართა და ორგანიზაციის წევრებს ფინანსური გადარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსთხოვა.