"ივანიშვილმა ჩემი ფასი კარგად იცის და პანიკაშია ჩავარდნილი" - თინა ხიდაშელის პასუხი "ოცნებას"

27.09.24 17:07
"ივანიშვილმა ჩემი ფასი კარგად იცის და პანიკაშია ჩავარდნილი" - თინა ხიდაშელის პასუხი "ოცნებას"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის პასუხი "ქართულ ოცნებას" - თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ კამპანია მმართველი პარტიის დეპუტატებს პირადად ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა.

ხიდაშელი, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგებში წლები გაატარა, ფიქრობს, რომ ივანიშვილი პანიკაშია, რადგან ხიდაშელის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებაში კარგად იციან, თუ რა ფასი აქვს შტატებში თავდაცვის ყოფილი მინისტრის სიტყვას და რამხელა ძალა ექნება ოქტომბრის არჩევნებში მის სადამკვირვებლო საქმიანობას.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის ჩემი ფასი ამ ქალაქში. ეტყობა ვიღაცამ უთხრა და იქ იყო ტექსტი, რომ მაგას მიხედეთ ერთი, მასზე რამე ილაპარაკეთ. ჩვენ ბოლოს გავიარეთ საარჩევნო რეგისტრაცია. როგორც ჩანს, არ ელოდებოდნენ. ახლა როდესაც ვნახეთ, რომ რეგისტრირებული ვართ და ბატონს მოახსენეს, ის აუცილებლად პანიკაში ჩავარდებოდა. მან იცის, მე როგორ ვმუშაობ. ჩემი ფასი კარგად იცის. ამიტომ, დავალება მიიღეს, რომ ახლა სასწრაფოდ ცეცხლი უნდა გახსნან. კიდევ ერთხელ ვამბობ, მინიმუმ, საკუთარი ამომრჩევლის თვალში ეს მდგომარეობა რომ შეიქმნას. მაგრამ, ამას არასდროს, არცერთი არჩევნების დროს არ უმუშავია. ეს ჩემგან უფასო რჩევა მიიღონ, რომ ამომრჩეველი საკუთარი თვალით ხედავს, საარჩევნო უბანზე რა ხდება, არჩევნების წინ რა ხდება და ის თავად აკეთებს დასკვნებს", - ამბობს თინა ხიდაშელი. 

"ქართული ოცნების" ახალი იერიში სადამკვირვებლო მისიებზე - ივანიშვილის პარტიამ სამიზნეში ის არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდებიან. გივი მიქანაძის სამიზნეში თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა" და კიდევ 25 არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა.

სახელისუფლები გუნდის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც, მისი მტკიცებით, 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში.

მიქანაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიწოდებუილ ინფორმაციები არ გაითვალისწინონ. 

მსგავსი სიახლეები