"ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა" - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პასუხი მიქანაძის თავდასხმაზე
გივი მიქანაძის მიერ სამიზნედ ამოღებული ობიექტები "ქართული ოცნების" წევრს ტყუილში ამხელენ - გიორგი სიორიძე, ანა კობახიძე და თენგო თევზაძე მათ წინააღმდეგ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლის მიერ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ.
მეტიც, როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებენ, ერთ დროს მართლაც იყვნენ "რეფორმებისა და კვლევის ჯგუფის" წევრები, თუმცა სამოქალაქო სექტორში საქმიანობა წლების წინ დაასრულეს და პარტიულ ცხოვრებაში ჩართვის შემდეგ ორგანიზაცია დატოვეს კიდეც.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გიორგი სიორიძე მმართველ პარტიას ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და გივი მიქანაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციურ პარტიებთან არიან დაკავშირებულები, საზოგადოების სიცრუეში შეყვანას უკავშირებს.
ამასთან, გიორგი სიორიძე გივი მიქანაძეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოღვაწეობის წლებს ახსენებს და აცხადებს, რომ ერთ დროს "ქართული ოცნების" წევრი არასამთავრობო ორგანიზაცია საიასთან აქტიურად თანამშრომლობდა.
ამ ორგანიზაციის წევრი არ გახლავართ უკვე საკმაოდ დიდი ხანია. მასთან მაკავშირებს ზუსტად იგივე, რაც აკავშირებს ბატონ გივი მიქანაძეს საიასთან, რომლის აქტიური წევრიც გახლდათ დიდი ხნის განმავლობაში, ისევე როგორც სოზარ სუბარს აკავშირებს "თავისუფლების ინსტიტუტთან", ირაკლი კობახიძეს USAID-თან და ა.შ.. რაც შეეხება შემოწირულობას, ეს ისე იქნა წარმოჩენილი, რომ თითქოს, რაიმე უკანონობა ჩავიდინე, თან 2020 წლის შემოწირულობაზე არის საუბარი, მაშინ როცა მე თავად ვიყავი კანდიდატი პარლამენტის წევრობის. მას შემდეგ, რაც მე გავხდი ცესკოს წევრი, არანაირი შემოწირულობა იმ პარტიისთვის, რომლის პოლიტსაბჭოს წევრიც გახლავართ, არ განმიხორციელებელია. შესაბამისად, ეს ყველაფერი ემსახურება დიდ მიზანს, რომ მოახდინოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ვნახავთ 26 ოქტომბერს, როგორ დარბიან ე.წ. ბეიჯებით ტროლები, ბოტები", - ამბობს გიორგი სიორიძე.
კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე კი "პირველებთან" აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდის მსგავსი განცხადებები უკავშირდება ერთადერთს - ოპოზიციური სპექტრის მიმართ შიშს.
მე დავტოვე რეფორმების და კვლევის ჯგუფი და არ ვარ მათი აღმასრულებელი დირექტორი, ვიყავი ხელმძღვანელი. ამ არგუმენტაციით საქართველოს პარლამენტის წევრთა 80% აღარ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, ვინაიდან ისინი სხვადასხვა დროს მუშაობდნენ, ან ხელმძღვანელობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. "ქართული ოცნების" მოტივაცია არის შემდეგი, მას ეშინია იმ გუნდის, რომელიც არის პოლიტიკურ ასპარეზზე, მას ეშინია ოპოზიციის", - ამბობს თენგო თევზაძე.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა კობახიძე საქართველოს ხელისუფლებას პოლარიზაციის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს.
ორგანიზაცია, რომელიც წლების წინ დავაფუძნე და ახლა არც გამგეობის წევრი ვარ და არც უბრალოდ წევრი, რასაც კანონი მიკრძალავს, თუმცა რომ გადავხედოთ პოლიტიკურ სპექტრს, ალბათ, 90% აღმოჩნდება თავის დროზე ახლანდელი გავლენიანი ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები. მმართველ პარტიას უნდა, რომ პოლარიზაცია მოახდინოს - "ოცნება" ერთ მხარეს და მეორე მხარეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და პარტიები", - ამბობს ანა კობახიძე.
"ქართული ოცნების" ახალი იერიში სადამკვირვებლო მისიებზე - ივანიშვილის პარტიამ სამიზნეში ის არასამთავრობო ორგანიზაციები ამოიღო, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესს აკვირდებიან. გივი მიქანაძის სამიზნეში თინა ხიდაშელის "სამოქალაქო იდეა" და კიდევ 25 არასამთავრობო ორგანიზაცია მოხვდა.
სახელისუფლები გუნდის წარმომადგენლის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ქვეყანაში 49 სადამკვირვებლო მისიაა დარეგისტრირებული, საიდანაც, მისი მტკიცებით, 26 ოპოზიციურ პარტიებთან არის კავშირში.
მიქანაძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიწოდებუილ ინფორმაციები არ გაითვალისწინონ.