სირცხვილია, რომ ირაკლი კობახიძე გყავს პრემიერ-მინისტრად - კორძაია

27.09.24 23:55
სირცხვილია, რომ ირაკლი კობახიძე გყავს პრემიერ-მინისტრად - კორძაია

ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია აფასებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ სირცხვილია, როდესაც საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეა.

თამარ კორძაია "დღის ამბების" ეთერში სოხუმის დაცემის დღეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ 31 წლის წინ, იმ ადამიანთა რიგებში შედიოდა, რომლებმაც რუსული სისასტიკის ფონზე, ჭუბერის უღელტეხილი ფეხით გადმოიარეს.

სირცხვილია, რომ ირაკლი კობახიძე გყავს პრემიერ-მინისტრად. დიდი ბოდიში, მაგრამ ტეხავს, როდესაც კობახიძეს ვინმე აქებს, თუ ვინმე უსმენს. 31 წლის წინ, მე ვარ იმ ადამიანებში, რომელიც ფეხით გადმოვიდა ჭუბერის გზით იმ სიცივეში. 31 წლის წინ მე ვხედავდი, რა მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთმა ჩვენი მოქალაქეები. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი გზაში გაყინული ადამიანები", - ამბობს თამარ კორძაია.

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

ამის პარალელურად, დღეს, 27 სექტემბერს, გმირთა მემორიალთან მისულმა საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რატომ არ ახსენა გაეროში ირაკლი კობახიძემ ოკუპანტი რუსეთი, განაცხადა, "ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!".

მსგავსი სიახლეები