"ოცნების" განცხადებების კვალდაკვალ, შტატებისგან უფრო მძაფრ ქმედებებს უნდა ველოდოთ, მათ შორის, დასანქცირებას - ჩიხრაძე

28.09.24 13:17
"ოცნების" განცხადებების კვალდაკვალ, შტატებისგან უფრო მძაფრ ქმედებებს უნდა ველოდოთ, მათ შორის, დასანქცირებას - ჩიხრაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში თეთრი სახლის მიერ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საზოგადოებამ მკაცრი ნაბიჯები იხილოს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის დეზინფორმაციული კამპანია სანქცირების გარეშე არ ჩაივლის. 

პრაქტიკულად,''ქართული ოცნების'' ქმედებები ზღვრამდე არის მისული იმ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნებს შორის, სახელმწიფოებს შორის, სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია. ლანძღავდე შენს პარტნიორებს და წარმოუდგენელ ცილისწამებას ავრცელებდე მათთან მიმართებთ და შენ გეგონოს, რომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო. ''ქართული ოცნების'' წარმომადგენლების განცხადებების კვალდაკვალ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დახმარება შეწყდა და ბევრი საერთაშორისო პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოში. მომავალში კიდევ უფრო მძაფრ და მკაფიო ქმედებებს უნდა ველოდოთ, მათ შორის, დასანქცირების ჩათვლით", - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება.

ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები