"ოცნების" დეპუტატი ამბობს, რომ სალივანის გაფრთხილება "ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია"
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩევლის მიერ გაკეთებულ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" თავდასხმით პასუხობენ - ივანიშვილის გუნდში ირწმუნებიან, რომ დასავლელი პოლიტიკოსის გაფრთხილება "ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია".
ლევან მაჭავარიანი ამერიკელ კოლეგებს გავლენიანი ძალების მიერ მართულ პოლიტიკოსებად აცხადებს და ამტკიცებს, რომ როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში არსებობენ ძალები, რომლებიც კონკრეტულ ინდივიდებზე ზეწოლას ახორციელებენ.
"ეს ძალები დაინტერესებულები არიან, რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" და მათი აგენტობა მოაბრუნონ" - ირწმუნება სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი.
ჰაერიდან მოტანილი სიტყვებია. თან ცოტა გასაკვირი და გულდასაწყვეტიც არის, როდესაც ჩვენთან საუბრობენ დემოკრატიის უკუსვლაზე მაშინ, როდესაც მაგალითად მონღოლეთს დემოკრატიის ოაზისს უწოდებენ. ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ჩვენს საზოგადოებაში. სადამდე მივა ეს ყველაფერი, ჩვენ გაცხადებული გვაქვს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არიან საკმაოდ გავლენიანი ძალები, რომლებსაც აქვთ დიდი გავლენა ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე და რიგ პოლიტიკოსებზე. შესაბამისად, ეს ძალები არიან დაინტერესებულები, რომ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" და მათი აგენტობა მოაბრუნონ იქიდან გამომდინარე, რომ უსიტყვოდ შეასრულონ მათი ბრძანებები", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.