თქვენი სიჩუმე და პოზიცია არათუ მიუღებელი, არამედ მოღალატეობრივია - ხაზარაძე საქართველოს ელჩებს მიმართავს
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ქართულ ოცნებას" სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელოვნად გაფუჭებაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს ურთიერთობა პარტნიორებთან ნულის დონემდე დასულიყო".
ამასთან, მამუკა ხაზარაძე ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე საქართველოს ელჩებს მიმართავს და მათ ბრალს ქვეყნის ღალატში სდებს.
მეტიც, როგორც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი აღნიშნავს, საზღვრებს გარეთ მყოფი საქართველოს წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან და კონსტიტუციურ ვალდებულებას არღვევენ.
"ქართულმა ოცნებამ", უფრო სწორად "რუსულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობა დასულიყო თითქმის ნულის დონემდე. მე მინდა მივმართო საქართველოს ელჩებს ევროპულ ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში, ეს სიჩუმე და თქვენი პოზიცია არის არათუ მიუღებელი, არამედ მოღალატეობრივი, რადგან თქვენ თურმე არ ემსახურებით საქართველოს განვითარებას და კონსტიტუციურ ვალდებულებას, სადაც მკაფიოდ გვიწერია, სად არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. არამედ ემსახურებით ბიძინა ივანიშვილს და მისგან დაფინანსებულ თქვენს ხელფასებს და დანამატებს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, ტომ სალივანი "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ამას შეერთებული შტატების საპასუხო რეაქცია მოჰყვება.
ტომ სალივანის კომენტარს პლატფორმა "X"-ზე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შტატები ირაკლი კობახიძესთან და "ქართული ოცნების" ოფიციალურ პირებთან ნიუ-იორკში ჩაშლილ შეხვედრებს, ივანიშვილის გუნდის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირებს.