"პოზიტიური განცხადებაა" - კალაძე ლავროვის "შეთავაზებაზე"

30.09.24 13:57
"პოზიტიური განცხადებაა" - კალაძე ლავროვის "შეთავაზებაზე"

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალურ განცხადებას დედაქალაქის მერი მიესალმება. საქმე ლავროვის იმ განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც, რუსეთი ქართველებს "მეზობელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთიბების ნორმალიზებაში დაეხმარება. 

კახა კალაძე ამტკიცებს, რომ "შერიგებაში" ცუდი არაფერია და საჭიროა, ყველამ თავისი წილი "შეცდომა" გააცნობიეროს. მისი თქმით, ლავროვის განცხადება პოზიტიურია, თუმცა ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. 

რაც შეეხება შერიგებას, ცუდი რა არის ამ პროცესში? პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. ვფიქრობ, რომ ყველა აცნობიერებს დაშვებულ შეცდომებს, რომელიც წლების წინ მოხდა. ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს ამაზე საუბარი და იმ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, რომელიც დესტრუქციულმა, რადიკალურმა და ბოროტმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა.

მათ მეორე ვირტუალური სამყარო შეგვიქმნეს თავის პატრონებთან ერთად და მოჯადოებულ წრეზე გვატარებდნენ. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. განცხადება პოზიტიურია, თუმცა, ამის პარალელურად, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა. არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ მისი ოცნება არ იყოს ქვეყნის გამთლიანება, - თქვა კალაძემ. 

ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.     

მსგავსი სიახლეები