ივანიშვილს პერსონალური სანქციები უახლოვდება - რას ამბობენ “ოცნებაში“
ივანიშვილს პერსონალური სანქციები უახლოვდება - მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ეს არ იქნება სიახლე, რადგან “ოცნების“ სიის პირველი ნომერი დიდი ხანია “დე-ფაქტო დასანქცირებულია“.
„ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, ამ “დასანქცირებით კიდევ უფრო გადაუსვამენ წითელ ხაზს ამ ურთიერთობებს“.
ბატონი ივანიშვილი დე-ფაქტო დიდი ხანია დასანქცირებულია, ამ გლობალური პარტიის და მათი საცეცების მხრიდან, ასე, რომ აქ რამე სიახლე არ იქნება და არ გამიკვირდება, ეს ნაბიჯიც გადადგან. ამით კიდევ უფრო გადაუსვამენ წითელ ხაზს ამ ურთიერთობებს. მე მოვუწოდებ ყველას, ამ დესტრუქციას, სჯობს, გაიაზრონ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო“, - განაცხადა ზარქუამ.
“ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, ბექა დავითულიანს ინფორმაცია არ აქვს, რა დოკუმენტი არსებობს თეთრ სახლში.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გატარებას, დეპუტატი ამბობს, რომ “დიდი ხანია ივანიშვილის მიმართ გარკვეული სანქციები გატარებულია და რა თქმა უნდა, ისინი ყველა ბერკეტს გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში არსებული რეალობის დასარღვევა.“
სავიზო სანქციებზე საუბრობენ, რამდენი ხანია, და მე ვერ ვნახე ვერცერთი დასანქცირებული დეპუტატი და რა ვიცი, გამოაქვეყნონ“,- ამბობს დავითულიანი.
ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმსრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს.
კელი და კრამერი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მკაცრი ზომები მიიღოს პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ავტორიტარული მმართველობით ქვეყანა დამანგრეველ გზაზე რუსეთისკენ მიჰყავს.