"მივესალმებით" - ირაკლი კირცხალია ლავროვის სკანდალურ განცხადებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას "ქართული ოცნება" მიესალმება. საქმე ლავროვის იმ განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც, რუსეთი ქართველებს "მეზობელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთიბების ნორმალიზებაში დაეხმარება.
ირაკლი კირცხალია ამტკიცებს, რომ ქვეყანას ახლა ისტორიული შანსი აქვს და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებიც გადაიდგას.
განცხადებას მივესალმებით, არა მხოლოდ ჩვენ, უმრავლესობა საღად მოაზროვნე და პრაგმატულად მოაზროვნე ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ამას მოჰყვება ქმედითი ნაბიჯები ან თუნდაც მსჯელობა ამ ნაბიჯებზე. უბრალოდ, წარმოიდგინეთ, რამხელა ისტორიული თემაა, რამხელა ყინული და რამხელა ტკივილი შეიძლება ჩვენს ქვეყანაში დაიძრას. თითოეულ განცხადებას, რომელიც მოემსახურება, ჩვენი მხრიდან იქნება თუ ნებისმიერი მხრიდან, რომ ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს და უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, ჩვენ ამას მივესალმებით, - ამბობს ირაკლი კირცხალია.
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით "ქართული ოცნება" წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.