ზურაბიშვილი: გერმანიის პრეზიდენტთან "ქართული ქარტიის" ინიციატივა, წინასაარჩევნო კლიმატი და რუსული გავლენა განვიხილე
საქართველოს პრეზიდენტსა და გერმანიის პრეზიდენტს შორის გამართული აუდიენცია დასრულდა - როგორც სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა "X"-ზე წერს, კოლეგასთან შეხვედრის დროს "ქართული ქარტიის" ინიციატივა და საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი განიხილა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ცნობით, საუბარი შეეხო რუსულ გავლენებს, დიასპორასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების პრობლემებს.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. "ქართული ქარტიის" ინიციატივა, საქართველოში წინასაარჩევნო კლიმატი, რუსული გავლენა, დიასპორასთან დაკავშირებული შეზღუდვები და არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაკვირვების პრობლემები განვიხილეთ“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, დღეს, 30 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ბერლინში აუდიენციაზე სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ქართულ დიასპორას, რომელსაც პრეზიდენტის შეფასებით, ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის.