"ჯარებს არ გავიყვანთ" - ზატულინი აცხადებს, რომ აფხაზეთი და ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში არასდროს დაბრუნდება
დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი სერგეი ლავროვის განცხადებას განმარტავს. საქმე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმ განცხადებას ეხება, რომლის თანახმადაც, რუსეთი ქართველებს "მეზობელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთიბების ნორმალიზებაში დაეხმარება".
ზატულინი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანა არ განიხილება და ლავროვმა "ურთიერთობების ნორმალიზებაში" არსებული რეალობის აღიარება იგულისხმა.
ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის თქმით, აფხაზეთის და სახმრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობის დაბრუნება არასდროს მოხდება და ეს საკითხი დღის წესრიგიდან დიდი ხანია გამქრალია.
იგულისხმება თუ არა დაახლოებაში რუსული ჯარების გაყვანა? ჩვენ გვაქვს შეთანხმებები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს, ლავროვმა თქვა, რაც თქვა, ჯარების გაყვანას არ გულისხმობდა. საქმე იმაშია, რომ აუცილებელია აფხაზეთში, ოსეთსა და საქართველოში არსებული რეალობის აღიარება, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში რაიმე სახის რეალური ურთიერთქმედების ფორმების ჩამოყალიბება. ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა, - განმარტა ზატულინმა.