ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება - "ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ივანიშვილს "აშანტაჟებენ"
ბერმუდის სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება - კახა კალაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური შანტაჟს აქვს ადგილი.
თბილისის მერი ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები აქვთ და "ყველაფერს სააშკარაოზე გამოიტანენ".
კაცმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, ყველა პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება, უჩერებენ თანხებს, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, კიდევ ერთხელ ვისაუბრო სხვადასხვა დეტალებზე, თუმცა ამის დრო რომ მოვა და თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიტყვით და გამოვიტანთ სააშკარაოზე", - აცხადებს თბილისის მერი.
კალაძე ამტკიცებს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს ქართულ სასამართლოზე გავლენები არ აქვს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ბერმუდში და სინგაპურში მოგებული დავების მიუხედავად ივანიშვილს მილიონებს მიზანმიმართულად არ უბრუნებენ.
ივანიშვილს აქვს გავლენები სასამართლოზე?და ქართული სასამართლო რა შუაშია? ძაან მარტივია, ეს არის მისი საკუთრება, თანხები. ადამიანმა მოიგო სასამართლო, ბერმუდაში, სინგაპურში, გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ საქმეს, რატომ არ უბრუნებს ადამიანს კუთვნილ ფულს? რა სანქციები? ბიძინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო სანქცირებული, იმიტომ, რომ მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით, აშანტაჟებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი", - ამბობს კალაძე.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია - ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა.
მიზეზად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის "არასანდო რეპუტაცია" დასახელდა.
2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.