რაქვიაშვილი: რუსეთი საქართველოში მისი მიზნის მიღწევას ლურჯი, "მეოცნებე" კაცუნებით აპირებს
რუსეთი საქართველოში მისი მიზნის მიღწევას ლურჯი, "მეოცნებე" კაცუნებით აპირებს - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით რაქვიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, ნათელია, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საქართველოს რუსეთისთვის გადაფორმებას აპირებს
ოპოზიციონერის განცხადებით, ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს.
ლავროვის განცხადებებში და არც ზატულინის განცხადებებში ახალი არაფერია. 16 წელია უკვე რუსეთი მოითხოვს საქართველოსგან აღიაროს ეგრეთ წოდებული ახალი რეალობა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია პირველად დაემთხვა ამ საკითხში რუსეთის ხელისუფლების პოზიციას. ნათელი და თვალსაჩინოა, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აპირებს საქართველო გადაუფორმოს რუსეთს. ამ ოპერაციის პირველი ფაზა იყო დასავლეთის მტრად გამოცხადება და ჩვენი, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო მოკავშირეებისგან საქართველოს იზოლირება. მეორე ფაზაში 2008 წლის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულება, რითიც ივანიშვილმა დაადასტურა და დაეთანხმა რუსეთის ნარატივს, რუსეთის მტკიცებას, რომ საქართველოში შემოჭრა, მისი ტერიტორიების ოკუპაცია, აღიარება, ეს ყველაფერი გაკეთდა ოსების და აფხაზების გენოციდის შეჩერებისთვის. მესამე იქნება დე იურე საქართველოს სამ ქვეყანად გაფორმება და მათ შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება რუსული მშვიდობის გარანტიებით.
ამ სცენარში, თუ გახსოვთ, 2014 წელს ანალოგიურად, ყირიმში რუსეთმა მწვანე პატარა კაცუნების მეშვეობით მიაღწია წარმატებას. დღეს საქართველოში თავის განზრახვას პატარა ლურჯი მეოცნებე კაცუნების ხელით აპირებს. მესამე ფაზაში საქართველო ფაქტობრივად იქნება რუსეთის მიერ შეწონილი ისევე, როგორც ეს მოხდა სოხუმია და ცხინვალის შემთხვევაში. ეს სცენარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს, ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოსახლეობასთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად 26 ოქტომბერს ჩამოვაშორებთ პუტინის რეჟიმს ამ ქვეყანას და ჩავშლით საქართველოს ანექსიის რუსულ გეგმას", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სერგეი ზატულინი პირდაპირ ამბობს, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გაყვანა არ განიხილება და ლავროვმა "ურთიერთობების ნორმალიზებაში" არსებული რეალობის აღიარება იგულისხმა.
ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსნის თქმით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობის დაბრუნება არასდროს მოხდება და ეს საკითხი დღის წესრიგიდან დიდი ხანია გამქრალია.
მანამდე განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის თანახმადაც, რუსეთი ქართველებს "მეზობელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთიბების ნორმალიზებაში დაეხმარება".