ივანიშვილს მხოლოდ ერთი სვლა აქვს დარჩენილი: არჩევნებში დამარცხება აღიაროს - ანა ნაცვლიშვილი
რამედნი მანევრიც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, მას ერთადერთი სვლა აქვს დარჩენილი და ეს არჩევნებში დამარცხების აღიარებაა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ანა ნაცვლიშვილი იმ ფაქტს, რომ კობახიძე ბაიდენის უარის შემდეგ ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა.
ნაცვლიშვილის თქმით, თუ ოლიგარქი დამარცხებას არ აღიარებს, ცხადია, რომ ის სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა.
ორივე პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მის წინ კარი არის დახურული. ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენი მანევრიც არ უნდა სცადოს დარჩენილ დროში ივანიშვილმა კობახიძის თუ სხვების მეშვეობით, მას ერთადერთი რეალური სვლა აქვს დარჩენილი თუ უნდა, რომ თავი გადაირჩინოს სანქციებისგან. ეს ერთადერთი სვლა არის ის, რომ 26 ოქტომბერს დამარცხების შემდეგ აღიაროს ეს დამარცხება დამატებითი გართულებების გარეშე და ქართველი ხალხის ნება, რომელიც გაფორმდება პროდასავლური ძალების და პროდასავლური ოპოზიციის გამარჯვებით, ეს აღიაროს. სხვა შემთხვევაში, გარდაუვალია, რომ ივანიშვილი მოექცევა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - ამის შესახებ “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს მცდელობაც კრახით დასრულდა.