პრემიერის მოწოდებიდან რამდენიმე საათში, ანტიკორუფციულმა TI-ის მინიჭებული სტატუსი მოუხსნა
ირაკლი კობახიძის მოწოდებიდან რამდენიმე საათში, ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა.
რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.
აუცილებლად მივიჩნევ, რომ გამოვიყენო დისკრეცია და „გამჭვირვალობა საქართველოს“ და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაცია და ეკა გიგაურს დაევალდებულათ, გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის.
ჩვენი გადაწყვეტილებები არის მართალი, ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს და მე აღვასრულე კანონი, - თქვა კუპრაშვილმა.
"პირველების" კითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ პრემიერი მის საქმიანობაში ჩაერია, რაჟდენ კუპრაშვილი უარით პასუხობს და იქვე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებს საზოგადოება თავად შეაფასებს.
არა, არანაირად. ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებლად აწარმოებს თავის საქმიანობას. ამ გადაწყვეტილებით და ამ მიმდინარე პროცესებით საზოგადოება თავადვე განსჯის, რა პროცესებთან გვქონდა საქმე, - თქვა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა.
გუშინ, პირველ ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმა განცხადება გაავრცელა და ანტიკორუფციულს მოუწოდა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას.
პრემიერის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადებას "კანონის უზენაესობა" უწოდა. "ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი" - ამბობდა კუპრაშვილი რამდენიმე საათის წინ, როცა "პირველების" ჟურნალისტმა მას საერთაშორისო კრიტიკა შეახსენა.
- 2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.
- 30 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.
- ამასთან რამდენიმე სააათის წინ, ცნობილი გახდა რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.