ერთადერთი დღის წესრიგი, რომელიც დასავლეთს ივანიშვილთან ურთიერთობაში დარჩა, მისი დასანქცირებაა - სამადაშვილი
დასავლელი პარტნიორები რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას აღარ აპირებენ, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერს აშშ-ში არც ბაიდენი და არც ტრამპი შეხვდა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ახლა დასავლეთი საქართველოში მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება, რადგან სწორედ ის იქნება განმსაზღვრელი, დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა ევროპულ გზას.
სამადაშვილის თქმით, ერთადერთი, რასაც ახლა დასავლეთი ივანიშვილთან მიმართებით განიხილავს, მისი დასანქცირებაა.
ჩვენი დასავლელი პარტნიორები როგორც აშშ-შ, ასევე ევროკავშირში ელოდებიან არჩევნებს და მიიჩნევენ, რომ სწორედ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები იქნება განმსაზღვრელი ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, გაიხსნება თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, გვექნება თუ არა სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან, იმიტომ, რომ რუსულ რეჟიმთან, რომელმაც ღიად და აშკარად გამოუცხადა ომი საკუთარ ხალხს და დემოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, თანამშრომლობას აღარავინ აპირებს და ფაქტობრივად, ერთადერთი დღის წესრიგი, რომელიც დარჩა დასავლეთის და ბიძინა ივანიშვილის ურთიერთობაში არის, როდის დაასანქცირებენ მას, არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, - ამბობს სამადაშვილი.
ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - ამის შესახებ “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს მცდელობაც კრახით დასრულდა.
ამ ფონზე კი საქართველოს პრეზიდნეტი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. ვარშავის შემდეგ სალომე ზურაბიშილს ბრიუსელშ ელოდებიან. საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპული საბჭოს მეთაურთან ექნება.