პრეზიდენტის ევროპული ტურნე - ვოლსკი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი კონსტიტუციას ღიად არღვევს
ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაზე ღიად გადავიდა, - ასეთი შეფასება მოჰყვა "ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს. გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი პარტნიორებს არა პრეზიდენტის, არამედ ოპოზიციის ლიდერის რანგში ხვდება.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იგი უკვე ღიად გადავიდა კონსტიტუციის დარღვევაზე და თუკი ვინმეს ხვდება, ხვდება არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც ოპოზიციის ლიდერი, გაერთიანებული, კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი, - ამბობს ვოლსკი.
ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა - ამის შესახებ “ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს მცდელობაც კრახით დასრულდა.
ამ ფონზე კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს აგრძელებს. ვარშავის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში ელოდებიან. საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპული საბჭოს მეთაურთან ექნება.