როგორ ხსნის პრემიერი ანტიკორუფციულის რეკორდულად მცირე დროში შეცვლილ გადაწყვეტილებას
რაჟდენ კუპრაშვილის რეკორდულად მცირე დროში შეცვლილი გადაწყვეტილება - პრემიერს დღეს ანტიკორუფციული ბიუროსადმი მიმართვის საფუძველს განმარტება მედიასთან მოუწია.
ირაკლი კობახიძე კამერებთან ამტკიცებს, რომ ანტიკორუფციულმა "აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა“.
ანტიკორუფციული ბიურო მოქმედებს წმინდა სამართლებრივი კრიტერიუმებით. სწორედ იმის გამო, რომ არის დამოუკიდებელი ორგანო, მას არ აქვს მოწოდება, რომ იმოქმედოს სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობის კრიტერიუმითაც, რაც ერთგვარი პრობლემური მოვლენაა. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მივანიშნოთ ანტიკორუფციულ ბიუროს ასეთი ინტერესების დაცვის საჭიროებაზე, რაც გავაკეთეთ და საბოლოო ჯამში, ანტიკორუფციულმა ბიურომ გვერდზე გადადო წმინდა სამართლებრივი მიდგომა და გაითვალისწინა მიზანშეწონილობის მხარეც, - ამბობს კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის მოწოდებიდან რამდენიმე საათში, ანტიკორუფციულმა ბიურომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა.
რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.