"ინსტიტუტების ბოლომდე ჩამონგრევა" - ლონდა თოლორაია ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

02.10.24 15:38
"ინსტიტუტების ბოლომდე ჩამონგრევა" - ლონდა თოლორაია ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე

"ინსტიტუტების ბოლომდე ჩამონგრევა" - ასე აფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილის მიერ დღეს გამოხვანებულ გადაწყვეტილებას. საუბარია პრემიერის მითითების შემდეგ TI-თვის და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების გაუქმებას. 

ლონდა თოლორაიას თქმით, მიუღებელია, როდესაც თანამდებობის პირი დამოუკიდებელ ინსტიტუტს გადაწყვეტილებებს კარნახობს.

ის, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტს კარნახობს თანამდებობის პირი როგორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ან არ უნდა მიიღოს, გააუქმოს და ა.შ., ეს არის ინსტიტუტების ბოლომდე ჩამონგრევა. თუკი ვინმეს საერთოდ ილუზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობის რაღაცა პატარა ხარისხი მაინც ჰქონდათ ამა თუ იმ ინსტიტუტებს და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ანტიკორუფციულ ბიუროს, მთლიანად მოაშიშვლა ეს სახელმწიფო ორგანოები, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის და პირიქით, დასცინიან, ამცირებენ ამ ინსტიტუტებს, - ამბობს ლონდა თოლორაია.

იურისტი გიორგი ბურჯანაძე კი ანტიკორუფციულის პირვანდელი გადაწყვეტილების უკანონობაზე საუბრობს და უწყების მცირე დროში შეცვლილ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმას, რომ მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ მყოფმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და გააუქმა. ეს იყო თავიდანვე უკანონო გადაწყვეტილება და ეს უქმნიდა პრობლემას დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა განეხორციელებინათ მისი, ასე ვთქვათ, საარჩევნო დაკვირვების პროცესი. იმ გადაწყვეტილებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იყო მთლიანად იმ პოზიციაში ჩაყენებული, რომ ვერ განახორციელებდნენ ვერანაირ საქმიანობას, - ამბობს გიორგი ბურჯანაძე

შეგახსენებთ, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი დღეს, ორ ოქტომბერს  მოუხსნა.

ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო. 

ანტიკორუფციულის შეფის გადაწყვეტილებას წინ  ირაკლი კობახიძის მიმართვა უძღოდა - პრემიერმა კუპრაშვილს ორგანიზაციისთვის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით 1 ოქტომბერს მიმართა.  

მსგავსი სიახლეები