ბესელია: როგორც კი ივანიშვილს კობახიძის თავიდან მოშორება დასჭირდება, ის ამას გააკეთებს
ყოფილი მეოცნებეები არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი პრემიერ-მინისტრი გაწიროს და ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატად არ დაასახელოს.
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილი გადაწყვეტილებებს, არა გუნდში კონსულტაციების შედეგად, არამედ ინდივიდუალურად იღებს.
ბესელია მმართველობის ამ ტიპს არაჯანსაღს უწოდებს:
მმართველობის ეს ვერტიკალური სისტემა არაჯანსაღია. ეს არ არის დამყარებული შიდა კონსულტაციებზე. ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომ ვინმე კონკრეტული, ეს იქნება კობახიძე თუ ვინმე სხვა, დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე თავისი ინტერესები. როგორც კი დასჭირდება მას კობახიძის თავიდან მოშორება, ის ამას გააკეთებს ძალიან სწრაფად. შეიძლება, ყველაფერი ის, რაც ცუდი ხდება ბოლო პერიოდში, მასთან დაკავშირებული და მისი პასუხისმგებლობის ქვეშ დატოვოს", - ამბობს ეკა ბესელია.
ირაკლი კობახიძემ არ იცის, იქნება თუ არა ისევ პრემიერი. საკითხზე "პირველების" დასმულ კითხვას ირაკლი კობახიძე პირდაპირ ვერ პასუხობს და ამბობს, რომ გადაწყვეტილება პარტიის საპატიო თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.